საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ტუღუში: ვენეციის კომისია კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერს პოზიტიურად არ უყურებს

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდნენ. როგორც მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი ტუღუში ამბობს, სტუმრებს, მათ შორის, ჰკითხა აზრი კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.

"ვკითხე აზრი, რას ფიქრობს ვენეციის კომისია ქართული ოცნების ინიციატივაზე, რომ ე.წ. ოჯახის დეფინიცია დაფიქსირდეს კონსტიტუციაში. რამდენადაც პასუხები მივიღეთ, ისინი ამ ინიციატივას პოზიტიურად არ უყურებენ, რომ კონსტიტუციით იყოს განსაზღვრული მსგავსი საკითხები", - თქვა ტუღუშმა.

აღსანიშნავია, რომ ქორწინების განსაზღვრის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა პრეზიდენტმა 2016 წლის 9 აგვისტოს არ დააკმაყოფილა. ცვლილების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს საკითხი აუცილებლად იქნებოდა პარტიის მხრიდან ინიცირებული და მხარდაჭერილი. საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის პირობებში ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა დამოუკიდებლად შეუძლია.

კომენტარები