ბიუჯეტი 2017

2017 წელს მთავრობა პრივატიზაციას 60%-ით ამცირებს

iStockPhoto

მთავრობა მომავალ წელს პრივატიზაციის (არაფინანსური აქტივების კლების) მოცულობის 135 მილიონით შემცირებას გეგმავს, რაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით უკვე განსაზღვრულია. მომავალი წლის საპროგნოზო პრივატიზაციად ამ დროისთვის 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც 2016 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლებია. 

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია პრივატიზაციის მაჩვენებლის კლება, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი პასუხობს, რომ ეს მეოთხე თაობის ინტერნეტის ლიცენზიის გადახდის დასრულებას უკავშირდება. 

"ეს არ არის მხოლოდ პრივატიზაცია, ეს მთლიანად არაფინანსური აქტივების კლების მუხლია. შარშან და 2015 წელს ბიუჯეტში შემოდიოდა მეოთხე თაობის ინტერნეტის ლიცენზიიდან თანხები, დაახლოებით 150 მილიონი ლარის ოდენობით, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით. ლიცენზიის გადახდის ეს გრაფიკი 2017 წელს იწურება და, შესაბამისად, მისგან მიღებული შემოსავლებიც მცირდება", - ამბობს ყავლაშვილი.

ეკონომიკის სამინისტრომ პრივატიზაციის ბოლო მსხვილი შეთავაზება 21 სექტემბერს გააკეთა. მაშინ მთავრობამ საპრივატიზაციოდ 50 ობიექტი გამოიტანა, რომელთა გასხვისებაც კონკრეტულად სასტუმროების მშენებლობისთვის იგეგმება. 

კომენტარები