არჩევნები 2016

გოგუაძე: თავისუფალი დემოკრატები არ დაშლილა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატებიდან ლიდერების წასვლას, პარტიის პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე გამოეხმაურა. როგორც გოგუაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნა, პარტია თავისუფალი დემოკრატები არ დაშლილა.

"თავისუფალი დემოკრატები ვიბრძვით და ბრძოლაში ვძლიერდებით. მართალია, დღეს ჩვენ პარტიას, ისევე როგორც მთელს სახელმწიფოს შეექმნა კრიზისი, მაგრამ კრიზისიდან გამოვალთ უფრო გაძლიერებული", - თქვა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძემ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ალასანიამ ყველას შეცდომები საკუთარ თავზე აიღო და იმედს იტოვებს, რომ ის გარკვეული დროის შემდეგ პარტიას დაუბრუნდება.

"რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ეს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე დანაკარგი მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავიდეს დროებით პოლიტიკიდან. მან სამწუხაროდ ჩვენი პარტიის ყველა შეცდომა და ყველა მარცხი საკუთარ მხრებზე იტვირთა და ამიტომ გავიდა დროებით პოლიტიკიდან. პარტია დამარცხდა სრულიად უთანასწორო, უსამართლო ბრძოლაში და ალასანიამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე უნდა გავიდეს პოლიტიკიდან", - თქვა გოგუაძემ.

რაც შეეხება, ალექსი პეტრიაშვილის მიერ პარტიის დატოვებას, გოგუაძემ აღნიშნა, რომ პეტრიაშვილი ალასანიასა და შავგულიძესთან ერთად ყველაზე ახლოს დგას მის შეხედულებებთან. 

გოგუაძის განმარტებით, შალვა შავგულიძესა და სხვა თანაპარტიელთა ერთად რჩება თავისუფალ დემოკრატებში და ისინი აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას.

"პარტია თავისუფალი დემოკრატები არის პარტია, რომელიც იბრძვის ევროპული სახელმწიფოსთვის. დღეს ჩვენ მივიღეთ საბჭოთა კავშირი ჩემი შეფასებით, სადაც საფრთხეა, რომ მივიღოთ ერთპარტიული დიქტატურა," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას ვიქტორ დოლიძის სახელმწიფო მინისტრის პოსტის შეთავაზების შესახებ.

"მგონია, რომ ჩვენ ვებრძოდით ხელისუფლებას და არამგონია, რომ ასე სწრაფად ადამიანები ოპოზიციიდან ბარგდებოდნენ ხელისუფლებაში," - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები