არჩევნები 2016

მელია: ივანიშვილმა ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა ქართულ ოცნებას 53 % დაუწერა

ტაბულა

"ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი მინისტრთა კაბინეტით გამოვიდა სცენაზე და ტყუილი მიაწოდა საზოგადოებას, მიაყენა ხალხს შეურაცხყოფა, სადაც 53 % დაუწერა ქართულ ოცნებას, უფრო მეტი, ვიდრე 2012 წელს აიღო ივანიშვილმა", - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ ისაუბრა.

მელიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრ უბანზე არჩევნები წააგო.

"არაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ჩვენთან, პრაქტიკულად ყოველწუთიერი ინფორმაცია შემოდის, სადაც უამრავ რაიონში, უამრავ ქალაქში, უამრავ სოფელში ქართულ ოცნებას პირწმინდად აქვს წაგებული არჩევნები. მაგალითად, ახლა ამობეჭდილი მაქვს სახელდახელოდ, ვინაიდან დრო არ მქონდა - ხონში, წყალტუბოში, თეთრიწყაროში, სიღნაღში, საგარეჯოში, ბაღდათში, ფოთში, თელავში, თბილისში, პირწმინდად გვაქვს საარჩევნო უბნები მოგებული", - განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ენმ საარჩევნო უბნების ნაწილზე ხმების დათვლის პროცესის პირდაპირ ტრანსლირებას აწარმოებს. მელია ცესკო-ს თავჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდებს, არ გაათიშინონ პირდაპირი ეთერით, Facebook-ის მეშვეობით ხმების დათვლის პროცესი.

"ახლა მინდა მთავარი სათქმელი გითხრათ და მივაწვდინო ხმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს და კიდევ, არ ვიცი, ვისაც ეს ეხება, ვინაიდან, მართვის ბერკეტები არ არის ცესკო-ში. ჩვენ ხმების დათვლის პროცესი გვაქვს პირდაპირ ეთერში Facebook-ის მეშვეობით და ამ უბნებს ჩვენ ვიგებთ. მაგალითად, ახლა ვაკის საარჩევნო თითქმის ყველა უბანზე ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ ტრანსლირებას, რათა ასეთი მტკნარი სიცრუე არ მოვისმინოთ ბიძინა ივანიშვილის მეგობრების მხრიდან. თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემოთვალა საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით, რომ აეკრძალოთ ჩვენი კომისიის წევრებს პირდაპირი ეთერით გადმოსცენ ხმის დათვლის პროცესი.

სად ხედავენ დარღვევას, სად წერია, რომ ეს დარღვევაა და რატომ ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობას, როდესაც მითუმეტეს, რამდენიმე საათის წინ ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი მინისტრთა კაბინეტით გამოვიდა სცენაზე და საოცარი ინფორმაცია, ტყუილი მიაწოდა საზოგადოებას, მიაყენა ხალხს შეურაცხყოფა, სადაც 53 % დაუწერა ქართულ ოცნებას, უფრო მეტი, ვიდრე 2012 წელს აიღო ივანიშვილმა. მაშინ, როცა ინფორმაცია ინფორმაციაზე შემოდის, რომ ბევრ უბანში წაგებული აქვს ქართულ ოცნებას. მივმართავ თამარ ჟვანიას, არავითარ შემთხვევაში არ გაათიშინოთ პირდაპირი ეთერით, Facebook-ის მეშვეობით ხმების დათვლის პროცესი, ვინაიდან გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე და რა უნდა ივანიშვილს. მას უნდოდა, გაეტეხა ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები, როდესაც თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის ფინალური ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 2 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9% და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 32%. ბარიერს ჩამოსცდა პატრიოტთა ალიანსი და 4.3% აქვს [18:00 საათის მონაცემებით, ლახავდა].

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შედეგებია: თავისუფალი დემოკრატები 4.1%, ლეიბორიტული პარტია 3.6%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.4%,, დემოკრატიული მოძრაობა 2.9%, სხვა პარტიები 9.8%.

კომენტარები