არჩევნები 2016

ივანიშვილი: თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით

მოგილოცავთ, მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ქართულმა ოცნებამ. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე არის გაგრძელება 2012 წლის გამარჯვების, 5 წლის წინათ დავიწყეთ ჩვენ და გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა, გამხდარიყო. პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასა და ჩვენს ხალხთან ერთად. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი პრობლემაა ეკონომიკა. გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისთვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს იმ გაუგებარი ხელისუფლების ნაცვლად, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავსთ კვირიკაშვილი ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ გყავსთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება... მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. მათ განსაკუთრებით მინდა მოვეფერო, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. კიდევ ერთჯერ შეგახსენებთ, რომ არაფერი წაგიგიათ და არ შემცდარხართ. ნამდვილად ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგყავსთ. ღირსეული არჩევანი გააკეთეთ. აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით.

ქართული ოცნება პარტიის ცენტრალური ოფისის წინ გამარჯვებას ზეიმობს. მათ ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგი მოისმინეს, რომელის თანახმადაც ქართული ოცნება ენმ-ს მნიშვნელოვნად უსწრებს. შეკრებილებს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

კომენტარები