საარჩევნო ინციდენტი

ჯანდიერი: პროვოკაცია მარნეულში ადასტურებს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს

ტაბულა

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრი დავით ჯანდიერი მარნეულში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ჯანდიერის ცნობით, მარნეულში მისულ ამომრჩეველს უკვე ხვდებოდა მის მაგივრად გაკეთებული ხელმოწერა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

"ერთი რამ არის ცხადი, მთელი ის დარღვევები, რომლებიც ხორციელდება, ადასტურებს ერთ რამეს - ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველეყო არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება. ამის დასტურია ის საზარელი კადრები, რომლებსაც მარნეულიდან ვიღებთ. ხელისუფლებას რომ არ ჰქონოდა სურვილი, რომ გაეყალბებინა ეს არჩევნები, მაშინ ვერავინ გაბედავდა მსგავს ქმედებებს. ჩვენი დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ დარღვევებს. როდესაც მარნეულში რეალური ამომრჩეველი მიდიოდა, მას უკვე ხვდებოდა მის ნაცვლად განხორციელებული ხელმოწერა. ხელისუფლება ასეთ პროვოკაციებს იწყებს მაშინ, როდესაც აგებს არჩევნებს. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო უბანში მომხდარი ეს დაპირისპირება ადასტურებს იმას, რომ რეალურად ადგილი აქვს გაყალბების მცდელობას", - თქვა დავით ჯანდიერმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფები საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა. ამჟამად ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანს თავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაესხნენ. ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის აჰმედ იმამ კულიევის თქმით კი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბება სცადა.

 

კომენტარები