არჩევნები 2016

ცესკო მარნეულში, 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთის გატაცების ფაქტს უარყოფს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთის გატაცების ფაქტს. ცესკოს სპიკერის განცხადებით, ყუთს დამკვირვებლები იცავენ და არ აძლევენ თავდამსხმელებს უბანზე შესვლის საშუალებას.

"მარნეულის ოლქში, 48-ე უბანთან არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ქვები დაუშინეს საარჩევნო უბანს და ჩაამტვრიეს ფანჯრები. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა სამართალდამცველები იცავენ მიმდებარე ტერიტორიას. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო ყუთი უბნიდანაა გატაცებული, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, კომისიის წევრები იცავენ ყუთს და არ აძლევენ აღნიშნულ პირებს უბანზე შესვლის შესაძლებლობას. გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს და მხარეევს, დაიცვან კანონი, მისცენ საარჩევნო კომისიას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას" - აცხადებენ ცესკოში.

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო. მოქალაქეთა ჯგუფი საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. რუსთავი ორის ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე უბანზე შესვლას და მარკირების ხელმეორედ გავლას ცდილობდა, სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი. მარნეულის ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის აჰმედ იმამ კულიევის თქმით კი, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბება სცადა. დაპირისპირება გაგრძელდა როგორც უბანზე, ასევე ტერიტორიის გარეთ.  

ამასთან, ქართული ოცნების მტკიცებით, არეულობა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტვივისტებმა მოაწყვეს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათ ყუთის გატაცება სცადეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ენმ და აცხადებს, რომ საარჩევნო უბანი ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს და ყუთი გაიტაცეს.

კომენტარები