არჩევნები 2016

TI: ნინოწმინდაში დამკვირვებელმა ამომრჩეველს ბიულეტენი წაართვა და შემოხაზა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 12:00 საათის შემდეგ ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში 9 საჩივარი დაწერეს.

"ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მიერ დაიწერა 9 საჩივარი. 12:00 საათის შემდეგ სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპერება. ცნობისათვის ეს ის უბანია, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;

ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე 12:00 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი;

ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანზე აღმოჩნდა დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტების გარკვეული რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა;

საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე, 39-ე, 44-ე და 48-ე უბნებზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცედურული შეფერხებებით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციითა და ქართული ენის არცოდნით, რაც დაძაბულობას ზრდის უბნებზე;

ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ძალის გამოყენებით წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა სასურველი ნომერი და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა;

ქარელის 40.33 ოლქის 36-ე უბნის, ასევე, ბათუმის 69.79 ოლქის მე-8 უბანზე ამომრჩეველმა ერთზე მეტი კონვერტით მისცა ხმა;

ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანზე კომისიამ ერთ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინა ხმა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

კომენტარები