ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩასვლას აუცილებლად გეგმავს, თუმცა სააკაშვილი განმარტავს, რომ ეს არ იქნება დაბრუნება, რადგან მუშაობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.
"წარმოიდგინეთ, პირადად ჩემ შესახებ 24-სერიიანი ფილმი გადაიღეს, რომელსაც ყველა თავიანთ არხზე აჩვენებენ. ეს ფილმი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ ჩემი ამ მეოცნებეებს ივანიშვილის პრორუსული პარტიიდან? მათ ჩემზე საქმე აღძრეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში აქცია გაიმართა, სადაც 70 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ეს ძალიან ბევრია, დაახლოებით იმდენია, მაგალითად, უკრაინაში რომ გამოსულიყო 500 000 ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითს ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი პოლიცია ჩვენ მხარეზეა, შეიარაღებული ძალები ჩვენ მხარეზეა, ანუ სახელმწიფოებრიობის და კანონის მხარეზე. ივანიშვილის სამართალდამცველებს არ ეყოფათ ძალა, მე რომ მომწვდნენ. მათ ხელები ძალიან მოკლე აქვთ. რა თქმა უნდა, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, არჩევნებში გამარჯვება უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა ახლა ჩემი პარტია ლიდერობს, ჩემი მეუღლე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერია. ვფიქრობ, ამ არჩევნების გამარჯვების ძალიან კარგი შანსები გვაქვს. უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, მე აქ ისე არ ჩამოვსულვარ, მე არ ვარ გასტროლიორი, არ ვფიქრობ, რომ აქ ბრძოლის ველი უნდა მივატოვო. თუმცა აუცილებლად, არჩევნების შემდეგ მე ჩავალ საქართველოში, მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ავიღებ შვებულებას საკუთარ ხარჯზე და უახლოეს დღეებში გარკვეულ პროცესებში ჩავერთვები. წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ ხელისუფლება ამას ძალადრობრივი ქმედების საბაბად გამოიყენებდა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.





