ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 08:00-ზე გაიხსნა. ცესკოს ცნობითვე, "ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს".
დღეს მოსახლეობა მე-9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, დღეს აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების - ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, რომელზე დაკვირვებაც ცესკოს ონლაინტრანსლირებით, ფეისბუქ გვერდსა და იუთუბ არხზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, არჩევნები 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც დღეს დაითვლება.
ცესკო საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს 9 ოქტომბრის ღამითვე წარადგენს.