გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ნოდია: პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მყარ ტენდენციად იქცა

გასაგებია, რომ ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურის აფეთქება. ყოველ შემთხვევაში, რაციონალურად ასეა. ოღონდ ეს სულაც არ არის იმის უტყუარი არგუმენტი, რომ ეს მათი გაკეთებული არ არის. საკმარისი ნიშნებია იმისა, რომ „ოცნების" ზოგ გავლენიან სტრატეგოსს მაინც ჰგონია, რომ არჩევნების წინ, ან ორ ტურს შორის მონაკვეთში, ძალადობის და არასტაბილობის ატმოსფერო მათთის მომგებიანია, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობას და „გიჟ მიშას" დაბრალდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამბრალებელს ანუ პროკურატურას ისევ „ოცნება" აკონტროლებს, ხოლო „ოცნების" მომხრეთა ტვინი სწორედ იმგვარადაა მოწყობილი, რომ თარგამაძის თვითაფეთქების ვერსიას ადვილად დაიჯერებენ. ასე რომ, სულ ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმე სუპერჭკვიანი პიარ-ტექნოლოგის ტვინში ასეთი პროექტი დაბადებულიყო: რა კარგია, ერთ-ორ ნაც ლიდერსაც ავაფეთქებთ და თან ამას მათვე დავაბრალებთ („ისე უნდათ ძალაუფლება, რომ საკუთარ ხალხსაც იმეტებენ"). მაგრამ სპეკულაციები იმაზე, თუ „ვის აწყობდა" და (მაშასადამე) „ვინ გააკეთა" (მათ შორისაა მოსაზრებაც რუსეთის ინტერესზე), მხოლოდ სპეკულაციებია. რაც უტყუარია და ვხედავთ, არის ის, რომ „ოცნების" მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, თბილისის ცენტრშიც და არაცენტრალურ სოფლებშიც, მყარ ტენდენციად იქცა. ზოგ შემთხვევაში ორგანიზატორი ცალსახად მთავრობაა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც იყოს მთავრობა, მაგრამ ზოგად ატმოსფეროზე და გარემოზე, სადაც ეს ხდება, ყოველთვის მთავრობაა პასუხისმგებელი.

პოლიტოლოგი გია ნოდია გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებაზე, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები