გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

პრეზიდენტი: კრიმინალურ ელემენტებს პოლიტიკური პროცესი ანგარიშსწორება ჰგონიათ

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქების ფაქტს ტერაქტად აფასებს და პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებსა და საზოგადოებას მიმართავს. პრეზიდენტის თქმით, ეს არის კრიმინალების ბრძოლა საზოგადოების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანქანაში აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანები უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდებიან და ქვეყანას ტერაქტის შედეგად მსხვერპლი არ ეყოლება.

"ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ, კრიმინალის ბრძოლა პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ, პოლიტიკურ, დემოკრატიულ პროცესზე. მე მინდა, მივმართო პოლიტიკურ ძალებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად სერიოზულად იაზრებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილნი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ერთმანეთთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მათ ჰგონიათ, რომ ასე, პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მე მინდა მივმართო პოლიტიკურ ძალებს - ეს ადამიანები საშიში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისათვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებებზე, განწირულია იმისთვის, რომ ეს ელემენტები მიაკითხავენ მათ, განახორციელებენ ანგარიშსწორებას პოლიტიკური ძალების შიგნითვე. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, იპოვნონ ძალა და თავიანთივე პოლიტიკურ პარტიებში, თავიანთივე რიგებში მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზაცია. ეს საშიშია, კიდევ ერთხელ, არა მარტო საზოგადოებისთვის, არა მარტო პოლიტიკური სისტემისთვის, არამედ საშიშია თქვენთვისვე, რომლებსაც შესაძლოა ჰგონიათ, რომ ისინი თქვენი თანამოაზრეები არიან.

თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ ცხოვრებისეული, იცოდეთ, რომ ეს ადამიანები თქვენ მოგაკითხავენ ძალიან ცოტა ხანში. ამიტომ გაცხრილეთ ისინი თქვენი რიგებიდან. თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამ ადამიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ლოკალიზება, ნეიტრალიზება არის არა მარტო თქვენი მოვალეობა, არამედ საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობისა და განვითარების წინაპირობა. თქვენ უნდა იყოთ ბოლომდე დაცლილი ყველა პოლიტიკური კონტექსტიდან. არავის არ უნდა გაუწიოთ ანგარიში. იცოდეთ, რომ ამ თვალსაზრისით საჭიროა მეტი ინტენსიური მუშაობა.

მე მინდა მივმართო საზოგადოებას - თქვენ ხედავთ, რამდენად ნორმალურად და მშვიდად ვითარდება საარჩევნო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვართ განწყობილი დაპირისპირებისათვის, ჩვენ ვატარებთ ნამდვილად, ნორმალურ, პოლიტიკურად ევროპულ სტილში მიმდინარე არჩევნებს, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს არჩევნები ამოაგდონ ნორმალური ევროპული პოლიტიკური პროცესიდან. ეს აწყობს ბევრს, იმ ადამიანებს, საქართველოს წარმატება და საქართველოს ევროპულ ცივილიზირებულ სახელმწიფოდ შედგომა ვისთვისაც საშიშროებაა.

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ სტაბილურობის, სიმშვიდის, დემოკრატიული განვითარების ირგვლივ, მოვახდინოთ ასეთი ელემენტების ლოკალიზება და გაუვნებელყოფა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა და ეს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობა, რომელიც უყურებს არჩევნებს არა როგორც ომს, არამედ, ქვეყნის გაძლიერებისა და განმტკიცებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, ეს განწყობა გაიმარჯვებს. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ჩვენ ვაზროვნებთ სხვანაირად და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას იმისთვის, რომ ერთმანეთის ცემით, სროლით და აფეთქებით რამე განწყობა შევქმნათ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ისევ მინდა დავუბრუნდე ჩვენ მთავარ მიზანს და მისიას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შედგეს, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესის ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები