გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

პროკურატურამ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭა

ტაბულა

თბილისის პროკურატურაში ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის დაკითხვა დასრულდა. თარგამაძის თქმით, მის საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიენიჭა. ევროპული საქართველოს წევრი უკმაყოფილოა იმ ფაქტითაც, რომ გამოძიებამ უარი განაცხადა დიმიტრი აბრამიშვილისთვის ბრალის წარდგენაზე.

“სამწუხაროდ, ჩემი და პროკურატურის მოსაზრებები არ დაემთხვა, მათ არ ჩათვალეს, რომ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნიათ და ამ ეტაპზე ჯერაც, დიმიტრი აბრამიშვილს არანაირი სტატუსი ამ აფეთქების საქმეში არ აქვს. თუმცა, მისი საქმის წარმოება გამოყვეს ცალკე, რაც ნიშნავს, რომ აქაც კიდევ ერთი 9-თვიანი ვადა იქნება და ანუ, შესაბამისად გაიწელება ეს პროცესი და ჩემი აზრით, დამთავრდება ისევ არაფრით,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.  

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ევროპული საქართველოს წევრი რამდენიმე თვეა, მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი, გივი თარგამაძემ თქვა, რომ მის საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა. პოლიტიკოსის განცხადებით, მან დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა.

კომენტარები