ბუნებრივი აირი

GGTC: 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა მკვეთრი სუნი გამოიწვიოს

გაზის ტრანსპორტირების კომპანია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, ხვალ, 30 სექტემბერს გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა მკვეთრი სუნი გამოიწვიოს. კომპანიის თქმით, ნივთიერების მკვეთრი სუნი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

"შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება გაზგამანაწილებელ სადგურებში.

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში და ასევე, გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით. ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგური – ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით", - წერია განცხადებაში.

კომპანიისვე ცნობით, ოდორანტის ტრანსპორტირება მოხდება 3 ოქტომბერსაც.

"მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების – აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

სავარაუდო დისკომფორტის გამო, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

აღსანიშნავია, რომ ოდორანტის ტრანპორტირება კომპანიამ 14 სექტემბერსაც განახორციელა, რის დროსაც ნივთიერება სისტემაში ზედმეტი ოდენობით შეუშვეს. აღნიშნული ფაქტის გამო, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მოკვლევა იმ პირის დასადგენად დაიწყო, ვინც სისტემაში ოდორანტის შეშვებაზე იყო პასუხისმგებელი. ამავე დღეს ინტოქსიკაციით 11 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რაც, სავარაუდოდ, მომატებულ გაზის სუნს უკავშირდებოდა.

კომენტარები