საქართველოს ეკონომიკა

მთავრობა 2016-2020 წლებში ყოველწლიურ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი "ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები 2016-2020 წლებში". დოკუმენტის მიხედვით, მოქმედი მთავრობა 2017-დან 2020 წლამდე ყოველწლიურად 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლისთვის 50 მილიარდი ლარი უნდა გახდეს. 

ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ წარუდგენია. წლევანდელი ბიუჯეტით კი მთავრობა 3%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს, თუმცა შვიდი თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით ზრდა 2.7%-ია. 

უცნობია, შესრულდება თუ არა ამ დოკუმენტით განსაზღვრული პროგნოზები, რადგანაც ქართული ოცნების მთავრობის ეკონომიკური პროგნოზები ხშირად არ მართლდება. მაგალითად, 2013 წლის ბიუჯეტით 6%-იანი ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი, თუმცა რეალურად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობამ საპროგნოზო მაჩვენებლად 5% აიღო, ზრდამ კი 4.6% შეადგინა. 2015 წელს კი თავდაპირველად ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, რის მიღწევაზეც მთავრობამ უარი თქვა. 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტით სამიზნე ზრდად 2% განისაზღვრა, რეალურმა ზრდამ კი ამაზე 0.8%-ით მეტი შეადგინა. 

ამავე დოკუმენტში წერია, რომ მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 2017 წელს 38%-მდე, 2020 წელს კი 35%-მდე შემცირდება. პრემიერის განცხადებების მიხედვით, ამავე პერიოდში მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას $5 მილიარდ დოლარამდე გეგმავს, რისი ნაწილიც საგარეო ვალით უნდა დაფინანსდეს, შესაბამისად უცნობია, თუ როგორ გეგმავს მთავრობა ერთდროულად ახალი ვალის აღებას და ეკონომიკასთან მიმართებით ვალის შემცირებას. 

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა მომავალი წლების მანძილზეც გააგრძელებს საშინაო ვალის აღებას. საშინაო ვალი დღეს არსებული 2.9 მილიარდი ლარიდან 2020 წელს 3.6 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. 

დოკუმენტი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმოხილვასაც მოიცავს. მისი მიხედვით, 2020 წლისთვის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი დღეს არსებული $1.6 მილიარდიდან $1.4 მილიარდამდე უნდა შემცირდეს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ მთავრობა ამ პერიოდისთვის ლარის შედარებით გამყარებას ელოდება.

კომენტარები