26 მაისის საქმე

პროკურატურამ 26 მაისის საქმეზე გია ლორთქიფანიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას და უწყებამ დაუსწრებლად გამოიტანა დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდების წარდგენის მიზნით პროკურატურამ ლორთქიფანიძე დღეს, 17:00 საათზე დაიბარა. შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალად ედება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს. ამასთან, ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უწყება მის ძებნას დაიწყებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია. სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე", - აცხადებს პროკურატურა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები