26 მაისის საქმე

მოსამართლე 26 მაისის საქმეზე განაჩენს ხვალ, 15:00 საათზე გამოაცხადებს

Reuters

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ 26 მაისის საქმეზე სასამართლოს მას გაამართლებს. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, დასკვნით პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა.

მერაბიშვილის თქმით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაქსიმალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნებზე იწვნია.

"მე დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ გამამართლებელი იქნება განაჩენი. თუკი ეს იქნება გამამატყუნებელი, ეს არ იქნება სატირალი, არამედ ეს იქნება სასაცილო", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, ციხეში ყოფნის არ ეშინია და ურჩევნია, მისი მეგობრების გია ლორთქიფანიძის, შალვა ჯანაშვილის თუ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას, თვითონ იჯდეს ციხეში.

მერაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ის არის იმ პოლიციის შემქმნელი საქართველოში, რომელსაც კორუფციასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის გასამართლების პრეცედენტიც კი.

"მეამაყება, რომ საქართველოში მე შევქმენი პოლიცია, რომელიც არის არაკორუმპირებული. პოლიციის ისტორიაში იქნება ასე - მერაბიშვილამდე და მერაბიშვილის შემდეგ. ვერავინ შეძლებს ისეთი ეფექტის შექმნას, როგორიც შეიქმნა ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე არ მეშინია გამამტყუნებელი განაჩენის", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, 26 მაისის მოვლენების შესახებ ხელისუფლების ქმედებები არცერთ ქვეყანას არ დაუგმია, რადგან აქციის დაშლა ლეგიტიმურად მოხდა.

26 მაისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლე ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენს ხვალ, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

კომენტარები