ბუნებრივი აირი

ოდორანტის დიდი ოდენობით გაშვებაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მოკვლევა დაიწყო

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით, გუშინ ბუნებრივი აირის ტრანსპრორტირების სისტემაში ზედმეტი დოზით შეუშვეს ოდორანტი, რამაც გაზის სუნი გამოიწვია.

"გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ხდება ბუნებრივი აირის ოდორიზაცია.  გუშინ მოხდა ზედმეტი დოზით სისტემაში ოდორანტის შეშვება, რასაც ასეთი სუნი მოჰყვა. ამას არანაირი გაჟონვა არ მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაწყებულია მოკვლევა და პირები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, აუცილებლად აგებენ პასუხს ამაზე. გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას და ის არის პასუხისმგებელი ბუნებრივი აირის ოდორიზაციაზე. მათ მიერ მოხდა დამატებითი ოდენობის შეშვება ტრანსპორტირების სისტემაში. მათ ჰყავთ თავიანთი მონიტორინგის სამსახური, რომელმაც დააიწყო მოკვლევა",- თქვა მინისტრის მოადგილემ.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ მოკვლევა იმ პირის დასადგენად დაიწყო, ვინც სისტემაში ოდორანტის შეშვებაზეა პასუხისმგებელი.

ცნობისთვის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ თბილისის სხვადასხვა უბნებში ნივთიერება ოდორანტი გუშინ გაუშვა. ოდორანტი ბუნებრივ აირს დამახასიათებელ სუნს აძლევს. მისი მიზანი ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენაა. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ყაზტრანსგაზ-თბილისის ოდორიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, ინტოქსიკაციის სიმპტომებით 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირი იყო.

კომენტარები