ყაზტრანსგაზ-თბილისი

ხოშტარია: გაზის გაჟონვაზე მერიის და ჯანდაცვის სამინისტროს დუმილი უპასუხისმგებლობა

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუშინ თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს დუმილი მთავრობის უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითია. ხოშტარიას თქმით, გუშინ მათ შეგნებულად შეიკავეს თავი ამ თემაზე გამოხმაურებისგან, რათა "პანიკური სიტუაცია არ შექმნილიყო მოსახლეობაში".

"მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობისგან, ჯანდაცვის სამინისტროდან და, ზოგადად, მთავრობისგან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება.

დღემდე არ გაკეთებულა ამ თემაზე განმარტება და ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა უპასუხისმგებლობის, ადამიანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების ქალაქის ხელმძღვანელობისგან. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ გვესმოდა ყაზტრანსგაზის ბუნდოვანი განცხადება, თითქოს დაგეგმილი გაშვება იყო, შემდეგ კი თითქოს ტექნიკური პრობლემა აღმოიფხვრა და საბოლოოდ, ჩვენ არ ვიცით, გუშინ რატომ იყო ეს სიტუაცია", - ამბობს ელენე ხოშტარია.

გუშინ შპს ყაზტრანსგაზ-თბილისმა თბილისში გაზის სუნის მომატებსათან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სუნი გამოწვეულია ნივთიერება ოდორანტით, რომელსაც საქართველოს ტრასპორტირების კომპანია იყენებს ბუნებრივი აირისთვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ ნივთიერება ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე, ინტოქსიკაციის სიმპტომებით 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირი იყო.

 

 

კომენტარები