უკანონო მოსმენები

"ეს შენ გეხება" გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის გავრცელების სწრაფ გამოძიებას ითხოვს

კამპანია "ეს შენ გეხება" ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას აღმაშფოთებელს უწოდებს. კამპანია ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

"ფარული თვალთვალი და მიყურადება წლების განმავლობაში სისტემური პრობლემაა. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე - მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. 

ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2016 წლის 14 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კამპანიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. კერძოდ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა ინტერნეტურთიერთობაზე და აბონენტების ვინაობის, მათი ადგილმდებარეობის და კომუნიკაციისთვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ მონაცემების მოპოვება და 2 წლის ვადით შენახვა სასამართლოს ნებართვის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

კამპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს, ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები. "ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. სამწუხაროდ, მოქმედი პარლამენტის პირობებში, შემუშავებული კანონპროექტის ინიცირებაც კი ვერ მოხერხდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ეს შენ გეხება" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

● სწრაფად, ჯეროვნად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი;

● ფარული თვალთვალისა და მიყურადების არაკონსტიტუციური სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის სათანადო გარანტიების შემუშავების მიზნით, მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები;

● შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები