უკანონო მოსმენები

ქალდანი მოსმენებზე: სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი რეაგირება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით. თამარ ქალდანი ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.

"საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედიას. თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას, მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები