უკანონო მოსმენები

ხოშტარია: ხელისუფლებისთვის მოსმენები და შანტაჟი გახდა ნორმა

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება არალეგიტიმური და არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს. ხოშტარია პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.

"მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა. თან ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც პოლიციის დეპოლიტიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვის ლიზუნგით მოვიდა. დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება, დაუშვებელია, რომ სუს-ი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ მეთოდებზე, გავაუქმოთ პოლიტიკური პოლიცია და დავასრულოთ პირად ცხოვრებაში ჩარევა და შანტაჟი", - თქვა ხოშტარიამ.

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები