საკონსტიტუციო კომისია

უსუფაშვილი: 2013-ში ივანიშვილი ითხოვდა, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა სახალხო მანდატი

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის წევრები ჯერ კიდევ 1993-1995 წლებში უჭერდნენ მხარს პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას. უსუფაშვილმა ბრიფინგზე ვახტანგ ხმალაძის მიერ შედგენილი დოკუმენტიც წარმოადგინა, რომელშიც, მისივე თქმით, ხმალაძე სწორედ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის ინიციატივით გამოდის.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2013 წელს, როდესაც ვახტანგ ხმალაძემ საჯარო გამოსვლისას მხარი დაუჭირა პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას, მას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილიც. უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა და მათი შეხედულებები აღარ ემთხვეოდა.

„ახლა სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ. 2013 წელს ვახტანგ ხმალაძე საჯაროდ გამოსვლისას შეეხო ამ თემას და თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ არაპირდაპირ არჩევნებს. ამაზე კოალიციაში ერთი ამბავი ატყდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ აი, თქვენ იქ, პარლამენტში დასხედით, აიღეთ ხელში ძალაუფლება, გინდათ პრეზიდენტის დასუსტება და დაიწყეთ რაღაცებზე საუბარი, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სახალხო მანდატი, უნდა იყოს სწორი და ა.შ. ესაა 2013 წელი, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტია და მარგველაშვილი ჯერ კიდევ კარგი ბიჭია ბატონი ბიძინას თვალში. აი, მერე უკვე, როდესაც მარგველაშვილი არ ყოფილა კარგი ბიჭი, რესპუბლიკელებს გვბრალდება, რომ მარგველაშვილი პირდაპირაა არჩეული. რა უნდა გვექნა რესპუბლიკელებს? ჩვენი 9 ხმა ქსეროქსზე უნდა გაგვემრავლებინა, 215-ად გვექცია და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვანაირად აირჩევა?" - თქვა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამგვარი საკითხების საჯაროდ გამოტანა მის ინტერესებში არაა, მაგრამ "თუ გაგრძელდება ცრუ ფაქტებისა და ინფორმაციის გავრცელება", იგი იძულებული იქნება, რომ განმარტებები გააკეთოს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიაში არაეფექტური მუშაობის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, კოალიცია შეთანხმებული იყო, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მომხდარიყო არაპირდაპირი წესით, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიის წევრებმა „იმისთვის, რომ პრეზიდენტისთვის ესიამოვნებინათ და პრეზიდენტის ახალი მეგობარი გაჩენილიყო, გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში".

კომენტარები