არჩევნები 2016

მრეწველები საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას სასამართლოში გაასაჩივრებენ

ზურაბ ტყემალაძე
ტაბულა

პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, მათი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, სასამართლოში გაასაჩივრებს. ზურაბ ტყემალაძის თქმით, ცესკოს ამ გადაწყვეტილების მიღების კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა და კომისიის თავმჯდომარემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.

"ცენტრალური საარჩენო კომისიის თავმჯდომარემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაგვიუქმა რეგისტრაცია, რომლის უფლება ჰქონდა, მაგრამ კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დოკუმენტები თავის დროზე, რაზეც მოგვცეს საბუთი, რომ დოკუმენტი ჩაბარებულია. ჩავაბარეთ სია, თანმდევი კანონებით, მივაწოდეთ საბუთი, სადაც წერია, რომ გაბარებთ სიას, თანმდევი კანონებით. თუ სია არ იყო, მაშინ რატომ მოგვცეს საბუთი, რომ ჩაბარებულია. კომისიის თავმჯდომარემ ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, რომ თურმე ჩვენ რაღაც არ გვქონია და ალბათ, არ გავტარდებოდით რეგისტრაციაში - ესეც კანონდარღვევაა. მან ჯერ უნდა შეისწავლოს, მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ გააკეთოს განცხადება. წინასწარ მე ამას არ გავატარებ, ამის თქმის უფლება მას არ აქვს. ამ განცხადების შემდეგ, ბუნებრივია, მას შევხვდი, ვკითხე, ჯერ შესწავლილი თუ გაქვს და გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ ჯერ უნდა გამოგეცა, მერე უნდა დაგერეკა, თუ არადა ახლა უნდა შეისწავლო და უნდა მომცე შესაბამისი დასკვნა. მე კი ბატონო, შევისწავლე, მაგრამ, ალბათ, არაფერი არ შეიცვლება იმიტომ, რომ უკვე ბევრმა გაიგო და ძალიან ბევრი რეკავს. ვეკითხები, ვინ რეკავს? – NDI და IRI რეკავენ, დარეკეს და მოიკითხეს. რა უფლება ჰქონდა NDI-ის და IRI-ის მოეკითხათ მრეწველთა პარტია უნდა მოიხსნანს თუ არა. ბევრის ინტერესებში შედის, ჩვენი მაჟორიტარები ზოგიერთ რაიონში იქნებიან თუ არა, მათ ჰგონიათ, რომ შეიძლება გაეხსნათ გზა. ეს შეიძლება ხელისუფლების ინტერესებშიც იყოს იმიტომ, რომ ერთ 10 რაიონში ისეთი კანდიდატები გვყავს, რომ დარმუნებულები ვართ, ისინი გაიმარჯვებენ“, - ამბობს ტყემალაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო"  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს იმიტომ, რომ მრეწველების წარდგენილ დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა.

კომენტარები