ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25%-ით 6.5%-მდე შეამცირა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 7 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შემცირების შესახებ. ბანკი ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებულ დაბალ ინფლაციას უკავშირებს, რის გამოც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება დღის წესრიგში აღარ დგას. ბანკის ეს გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც ლარში ნომინირებული სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, კარგი სიახლეა, რადგანაც მათ სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით შეუმცირდათ.

ეროვნული ბანკის განცხადება:

"მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი.პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.

აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.9 პროცენტამდე შემცირდა, რაც შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საბაზო ეფექტის ამოწურვას. სუსტი ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციაზე ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტალებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.

ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებას და შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელთან დაახლოებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა და ფისკალური სტიმული. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

კომენტარები