საარჩევნო ინციდენტი

ჩუგოშვილი: ენმ-ის დაგეგმილ ინციდენტებზე გამოძიება, სავარაუდოდ, მიმდინარეობს

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ახალი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ არსებობს ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი პროვოკაციების ფაქტები, რომელზეც გამოძიება, მისი თქმით, სავარაუდოდ, დაწყებულია.

"კონკრეტული ფაქტები აქამდეც იყო. გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს, რომ შესაძლოა, ასეთი ფაქტები გაიზარდოს. ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გვაქვს - ჩვენი ადგილობრივი ოფისების მუშაობიდან გამომდინარე, ჩვენი აქტივისტების მუშაობიდან გამომდინარე... რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გამოძიება დაწყებულია მხოლოდ კონკრეტულ ინციდენტებთან მიმართებით. გუშინ კიდევ იყო რამდენიმე ინციდენტი, რომლებიც გამოსაკვლევია და კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, იქ რეალურად რა მოხდა. იმ კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება, სავარაუდოდ, მიმდინარეობს", - ამბობს ჩუგოშვილი.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს - რა პროვოკაციის ფაქტებზე აქვთ ინფორმაცია და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ჩუგოშვილის განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე. შსს-ში ამბობენ, რომ ინფორმაციას მოიძიებენ და ტაბულა მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, გუშინ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს დაპირისპირებებს ქართული ოცნების დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კომენტარები