დაკავება

ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები მათ დაკავებაში კალაძეს ადანაშაულებენ

კახა კალაძე
ქართული ოცნება

გუშინ დაკავებული გოგა ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილის ცოლი თათა ჩინჩლაძე ამბობს, რომ მის ქმარს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეყნის დატოვება სთხოვეს. ჩინჩლაძის მტკიცებით, დავალება კახა კალაძისგან მოდიოდა და ის ფეიქრიშვილს მოუწოდებდა, წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩარეულიყო. დაკავებულის ცოლი ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ფეიქრიშვილთან მოლაპარაკებებზე მივიდა, კალაძის ცოლის ნახევარძმა იყო. მისივე თქმით, ფეიქრიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრთან გიორგი ავალიანთან მეგობრობის გამო დევნიდნენ.

„100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი კახი კალაძის დავალებით არის იმიტომ, რომ კალაძე ჩვენთან მუდმივად აგზავნიდა თავის მეგობრებს, ახლობლებს" - ამბობს ჩინჩლაძე.

დაკავებულის ოჯახის წევრების მტკიცებით, ნიშნიანიძესა და ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღები ჩხრეკის დროს „ჩაუდეს".

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნიშნიანიძე და 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგა ფეიქრიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლიდან პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღეს, ხოლო ფეიქრიშვილის - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება.

 

კომენტარები