არჩევნები 2016

აუდიტის სამსახური ინაშვილის შემომწირველების 183 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსმა" და პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" უკანონო შემოწირულობები მიიღეს. პარტიების დაჯარიმებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" მიიღო აკრძალული შემოწირულობა 91 ათასი ლარის ოდენობით. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ შემომწირველებმა ეს თანხა მესამე პირის მეშვეობით მიიღეს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ კანონით დადგენილი ლიმიტის, ანუ 60 ათასი ლარის გვერდის ავლით თავისი კუთვნილი თანხა გადაანაწილა სხვა პირებზე. ამ პირებმა კი, მისი მითითებით, "პატრიოტთა ალიანსის" ანგარიშზე 91 ათასი ლარი ჩარიცხეს. 

ამ დარღვევის გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიის შემომწირველების დარღვევის ორმაგი ოდენობით, ანუ 183 ათასი ლარით დაჯარიმებას მოითხოვს.

მსგავსი დარღვევა გამოვლინდა პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" შემთხვევაშიც. პარტიამ ოთხი პირისგან მიიღო უკანონო შემოწირულობა 19.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები, რათა ამ ოდენობის შემოწირულობა ბურჭულაძის პარტიის სასარგებლოდ განეხორციელებინათ. ამ მიზეზზე დაყრდნობით, აუდიტის სამსახური თვლის, რომ ეს ადამიანები საკუთარ თანხებს პაატა ბურჭულაძის პარტიაში ვერ გადარიცხავდნენ. 

აუდიტის სამსახური ამ შემთხვევაშიც, შემოწირულობის ორმაგი ოდენობით - 39 ათასი ლარით ჯარიმას ითხოვს. 

კომენტარები