არჩევნები 2016

გოცირიძე: ხალხზე გადაბრალება, თითქოს ვერ ხვდება რეალობას, არასამართლიანია

დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე ქვეყნის ეკონომიკა აყვავებულია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საზოგადოება ვერ ხვდება ამას. სწორედ ამიტომ, თურმე ივანიშვილმა რაიონებში უნდა იაროს და მოსახლეობას ანალიზი ასწავლოს, სწორად აღქმა იმ სიკეთეების, რაც თურმე მოუტანა ქართულმა ოცნებამ ქვეყანას 4 წლის განმავლობაში. რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია - გუშინ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ წელს, ეკონომიკა მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უკან მიდის, უმუშევრობა და სიღარიბე კი იზრდება. ხალხზე გადაბრალება, თითქოს ვერ ხვდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არასამართლიანია. ასევე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ათასი საწარმო აშენდა და გარემონტდა. არავითარი სერიოზული და ღირებული ბიზნესპროექტი არ განხორციელებულა. თუ რაიმე გაიხსნა, ყველაფერი წინა მთავრობის პერიოდში იყო დაწყებული. დღეის მდგომარეობით, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა - ქვეყანა გაღარიბდა, ფასებმა იმატა, ლარი გაუფასურდა. ნაცვლად წინსვლისა, მივიღეთ უკუსვლა. ამ გაჭირვებული ქვეყნის ამოქმედება 8 ოქტომბერს მოხდება, როდესაც ჩვენ ჩვენი პროგრამით ახალ სიცოცხლეს მივცემთ საქართველოს.

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს აფასებს.

კომენტარები