რუსული პროპაგანდა

IDFI: კრემლის პროპაგანდის არხებია მედია, NGO-ები, პარტიები და სასულიერო პირები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის ანგარიშის თანახმად, რუსული პროპაგანდის ხარისხი და მასშტაბები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. IDFI-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს ამ მზარდი პრობლემის არსებობა და შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტმა დოკუმენტი - "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა" დღეს, 1 სექტემბერს გამოაქვეყნა.

IDFI-ის შეფასებით, კრემლის საინფორმაციო ომი თვისობრივად ახალ პრობლემად უნდა ჩაითვალოს, რომელიც ასევე ახალ გადაჭრის გზებს საჭიროებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს კრემლის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას, შესუსტდება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და გაიზრდება რუსეთთან დაახლოების მხარდამჭერთა რიცხვი. ასევე, გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითიც საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს. გარდა ამისა, დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, საქართველოს ამომრჩეველთა შორის გაიზრდება გაურკვევლობისა და დისონანსის დონე, რაც ხელს შეუშლის ამომრჩეველს, მიიღოს ფაქტებზე და არა ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

"ამით, გარეშე ძალა შეასუსტებს ქართულ დემოკრატიას და გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ამასთან, შემცირდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობა, შემცირდება მათი ლეგიტიმაცია. ასევე, საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი, შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა და გართულდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტეგრაცია. კრემლის საინფორმაციო ომი ისეთი დონის პრობლემაა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აქვს საკმარისი ბერკეტი და რესურსი, გაუწიოს მას ეფექტიანი წინააღმდეგობა" - ნათქვამია დოკუმენტში.

IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში კრემლის პროპაგანდის არხებია - მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სასულიერო პირები. 

"საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიაა. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით" და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება" - წერია დოკუმენტში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. მათ შორის, IDFI განსაკუთრებით ორ ორგანიზაციას გამოყოფს - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.

"ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან" - წერია ანგარიშში.

IDFI-ის ცნობით, საქართველოში კრემლის პროპაგანდას პირდაპირ ან ირიბად, რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსებიც ავრცელებენ. 

"ესენი არიან პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს და პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად. განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო. სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია" - წერს IDFI და აღნიშნავს, რომ დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები.

"რთულია, დავადგინოთ, ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ. სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით და გავლენით სარგებლობენ" - ნათქვამია ანგარიშში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის რეკომენდაციით, კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში. ასევე, რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის, აუცილებელია, მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია. IDFI-ის აზრითვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, ხოლო საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პროპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი. როგორც ანგარიშში წერია, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ერთიანი გზავნილი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ასევე, უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები. ორგანიზაციის რეკომენდაციითვე, საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას. გარდა ამისა, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარები