რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის იურისტი: ცუდია, რომ უზენაესი არ დაელოდა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას

დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი
ტაბულა

რუსთავი 2-ის იურისტის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოულოდნელი იყო, რომ უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებობაზე 5 სექტემბერს, ზეპირი მოსმენის გარშე იმსჯელებს. როგორც იურისტი ამბობს, ცუდია, რომ უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა.

"ჩვენთვის მოულოდნელი იყო დღევანდელი ინფორმაცია, რაც უზენესი სასამართლოსგან მივიღეთ. იქიდან გამომდინარე, რომ აგვისტოში მოსამართლეები შვებულებაში არიან, შესაბამისად, არ ველოდით 5 სექტემბერს დასაშვებობის საკითხის განხილვას, იმიტომ, რომ არ ვიცით, რამდენად მოასწრებენ ისინი საქმის მასალების გაცნობას და რამდენად ექნებათ მათ ყველა ის ინფორმაცია, რაც საჭიროა ჩვენი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადასაწყვეტად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გასულია სათათბიროდ რუსთავი 2-ის რამდენიმე კონსტიტუციურ სარჩელზე და ძალიან ცუდია, რომ უზენაესი სასამართლო არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ არ იმსჯელა ჩვენი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. ამით შეიძლება გარკევეული მიმართულებები იკვეთებოდეს, თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რა შუამდგომლობაც გვქონდა დაყენებული უზენაეს სასამართლოში და ვითხოვდით, რომ დალოდებოდა უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოს, ჯერჯერობით, ის ამას არ აკეთებს“, - ამბობს საძაგლიშვილი.

რუსთავი 2-ის იურისტის თქმით, არსებობს დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევებიც, თუმცა, "რუსთავი 2-ის საქმე არის ძალიან რეზონანსული“ და უკეთესი იქნებოდა სასამართლოს ზეპირი მოსმენით ემსჯელა.

"ზოგადად კანონით განსაზღვრული ვადა არის 3 თვე. ჩვენს შემთხვევაში ამ ვადის დარღვევის საფრთხე არ იდგა დღის წერიგში, შესაბამისად, ეს კიდევ ერთი გარემოება იყო, რატომაც იყო მოულოდნელი ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზეპირი მოსმენის გარეშე დასაშვებობის საკითხის განხილვას, ზოგადად ხდება დასაშვებობის საკითხის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, გამომდინარე იქინდან, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის ძალიან რეზონანსული, უკეთესი იქნებოდა, ზეპირი მოსმენით ემსჯელა უზენაეს სასამართლოს ჩვენი სარჩელის დასაშვებობაზე“,- თქვა საძაგლიშვილმა.

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი 13 ივლისს შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება 12 დღეში, 22 ივნისს გაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება მისი ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მხარეებს ადრე გაუგზავნა, მათ 18 დღე მოჰპარა. მათივე მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს. 

კომენტარები