საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდი: TI-ის კვლევაში ფარცხალაძეზე დაუსაბუთებელი ინფორმაციაა

საპარტნიორო ფონდი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას საპარტნიორო ფონდის საქმიანობის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით თავად საპარტნიორო ფონდში არ ეთანხმებიან. ფონდის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლევაში გავრცელებული ინფორმაცია, ფონდის ფინანსებსა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის კავშირზე, დაუსაბუთებელი და გაუგებარია.

საქმე სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხანას ეხება, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ებრაულ კომპანია ელბიტთან ერთად ახორციელებს. პროექტზე $85 მილიონი იხარჯება, მის განხორციელებაში კი ოთარ ფარცხალაძის კომპანია "როიალ დეველოფმენტიც" არის ჩართული. 

"2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია "როიალ დეველოფმენთის” 40%-ის წილის მფლობელი და მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ოთარ ფარცხალაძე იყო. აღნიშნული პერიოდების შემდეგ კი ოთარ ფარცხალაძე შპს "როიალ დეველოფმენთთან" საერთოდ აღარ ფიგურირებს. ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის დეკემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა. იგი ასევე ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. შედეგად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კომპანია "როიალ დეველოფმენთი" სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის შეიქმნა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო ავიაციის ნაწილების კომპოზიტური ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს", - წერია გამჭვირვალობის კვლევაში.

"მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის გიგანტი კომპანია ელბიტ სისტემსის შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის, კერძოდ, "როიალ დეველოპმენტის" ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან. უფრო მეტიც, დასკვნაში მოხსენიებულია ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მასთან მიმართებაში საპარტნიორო ფონდთან რა კავშირზეა საუბარი, კვლევაში მითითებული ასევე არ არის, არ არის მოყვანილი არგუმეტები, შესაბამისად, ეს შენიშვნაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებერია", - წერია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ფონდი გეგმავს ღონისძიებას, რომელზეც მოსახლეობას მათი საქმიანობის ანგარიში წარედგინებათ.

"ჩვენთვის საამაყოა, რომ იმ ფონდის საქმიანობაში, რომელიც 5 მილიარდის აქტივებს ფლობს და სხვადასხვა დარგში ათეულობით პროექტს ახორციელებს, სხვა შენიშვნები არა გაქვთ. იმის გამო, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვეს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას", -აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

სს "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია. მის მფლობელობაშია ისეთი კომპანიები, როგორიცაა - საქართველოს რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა მსხვილი აქტივები. 

კომენტარები