სტარტაპები

პრემიერმა სტარტაპ საქართველოს 20 გამარჯვებულს 100-100 ათასი ლარი გადასცა

პრემიერი სტარტაპ საქართველოს დაჯილდოებაზე
facebook.com/KvirikashviliOfficial

საპარტნიორო ფონდისა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ პროექტ - "სტარტაპ საქართველოში" 20 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ ავტორებს პრემიერმა ფულადი პრემიის სახით 100 ათასი ლარი გადასცა.

მაღალტექნოლოგიურ დარგში ახალგაზრდების მიერ წარდგენილი 51 პროექტი კალიფორნიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა შეაფასეს. მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია.

პრემიერის თქმით, ახალგაზრდების ინოვაციური პროგრამების დაფინანსების ხელშეწყობა მის მიერ შემუშავებული ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

"ეს პროგრამა, რომელიც გახლავთ მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი ნაწილი, არის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს პროგრამა ახალისებს სამეწარმეო სულისკვეთებას, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და შეცვალონ მთელი თაობის აზროვნება. დღეს შესაძლებელია კარგ იდეაზე დაყრდნობით ინოვაციური იდეის მოფიქრება და ბიზნესის წამოწყება საქართველოში, არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ “სტარტაპ საქართველოს” მეშვეობით", - ამბობს კვირიკაშვილი. 

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე საპარტნიორო ფონდმა 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

კომენტარები