სტარტაპები

Google ევროპელი დამწყები მეწარმეთათვის $100 მილიონს გამოყოფს

Google Ventures ლოგო
Sam Kaplan

ივლისის დასაწყისში Google-მა ოფიციალურ ბლოგზე დაწერა, რომ Google Ventures ევროპელი დამწყები მეწარმეთათვის 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.

Google Ventures-ის დამაარსებელმა ბილ მარისმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბევრ ევროპულ დამწყებ თუ უკვე ჩამოყალიბებულ კომპანიას, კარგი იდეის შემთხვევაში, შანსი ექნება, სამომავლო განვითარებისთვის თანხები პირდაპირ Google-სგან მოიპოვოს. თუმცა ისეთი დეტალები, როგორიც არის, თუ რამდენ იდეას დააფინანსებს, რა თანხას გამოყოფს თითოეულისთვის და რომელ სფეროს წარმომადგენლებს მიანიჭებს უპირატესობას Google, დაზუსტებული არ არის. 

Google Ventures საშუალებას აძლევს ინოვატორებს, სახლიდან გაუსვლელად მოიპოვონ დაფინანსება, თუ მათი იდეა ამად ღირს. 

დაფინანსების სურვილის ქონის შემთხვევაში დამწყებ მეწარმეს მოუწევს, იდეა Google Ventures-ს არაპირდაპირ წარუდგინოს. ყველაზე პოპულარული გზა ამ მხრივ არის იდეის Angellist-ზე განთავსება. ეს არის საიტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს და დამფინანსებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. მეწარმის სურვილის შემთხვევაში - Google Ventures-მა ნახოს მათი სტარტაპის იდეა, Angellist-ზე რეგისტრაციისას, ველში, თუ რომელმა ინვესტორმა სურთ რომ ნახონ მათი იდეა, უნდა მიუთითონ Google Ventures. 

დაფინანსების მოსაპოვებლად არ იარსებებს რეგიონული შეზღუდვები და როგორც ევროპის (მათ შორის საქართველოს), ისე ცენტრალური აზიის ინოვატორებს შეეძლებათ საკუთარი იდეის წარდგენა Google-ისთვის. ამისათვის აუცილებელია კარგი ბიზნესგეგმა, რომელშიც, სხვათა შორის, იდეის განხორციელების პროცესში შესაძლო წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზებზე იქნება ყურადღება გამახვილებული. გარდა ამისა, მნიშვნელობა მიენიჭება ხარისხს და რამდენად შეეძლება მეწარმეს მისი კონტროლი წარმოების პროცესში. მაგალითისთვის, თუ პროდუქციის შემადგენელი ნაწილები უმეტესად იმპორტირებული იქნება და მეწარმეს ხარისხის კონტროლის ნაკლები საშუალება ექნება, ამ შემთხვევაში შანსები დაფინანსების მოპოვებისა საკმაოდ მცირდება.

Google Ventures-ის დაარსების იდეა ბილ მარისს 2009 წელს გაუჩნდა და ამავე წელს Google-ის დახმარებით შეძლო მისი განხორციელება. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინვესტორად ითვლება და უკვე $1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული 250 სხვადასხვა სტარტაპში.

კომენტარები