სტარტაპები

სტარტაპი Movements.org - მოიძიეთ ყველა სამოქალაქო აქტივისტი ერთ სივრცეში

Pussy Riot-ის მხარდამჭერები მოსკოვში
REUTERS

XXI საუკუნეში სამოქალაქო აქტივისტებისთვის ინტერნეტი და სოციალური ქსელი უმნიშვნელოვანეს რესურსად იქცა. 

Facebook-სა და ბლოგებს ახალი ონლაინპლატფორმა, Movements.org, ემატება, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო აქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან შეეძლებათ ერთმანეთთან დაკავშირება, გამოცდილებისა და ისტორიის გაზიარება და იურისტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარების მიღება. 

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით $250 000 გამოყო. 

Movements.org-ზე რეგისტრაცია მარტივია. მომხმარებელი ავსებს username-ის, ელექტრონული ფოსტის, სახელისა და გვარის ველებს. ასევე მიუთითებს ქვეყანას, რომელშიც იგი ცხოვრობს. Username-ის მითითებისას საიტის ადმინისტრაცია მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს, ნამდვილი სახელი და გვარი არ გამოიყენოს. 

საიტის შექმნის იდეის ავტორი, ისრაელის პარლამენტის ყოფილი წევრი და საბჭოთა დისიდენტი შარანსკი Daily Beast-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს საიტი არის თავისუფალი საზოგადოების საშუალება, გახდეს აქტიური, თუნდაც გრანდიოზული და მასშტაბური ღონისძიების გარეშე. ეს იგივე მსოფლიოა, ამბობს შარანსკი. სამოქალაქო აქტივისტს შეუძლია მინიმალურ დროში დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოს რომ ეს ინსტრუმენტი ჰქონოდა წლების წინ, საბჭოთა კავშირი გაცილებით სწრაფად დაინგრეოდა. საბჭოთა ხელისუფლება ახერხებდა ყველა მსგავსი ინფორმაციისა და რესურსის გაკონტროლებას.

დევიდ კეისი, ადამიანის უფლებათა გამავრცელებელი საზოგადოების დირექტორი, The Daily Beast-თან საუბრისას ამბობს, რომ ასობით აქტივისტი შემოუერთდა საიტს, ჯერ კიდევ მის სატესტო რეჟიმში მუშაობისას. ეს საიტი შეასრულებს ერთგვარი შუაკაცის როლს პროფესიონალებსა და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს შორის.

მაისის თვეში, იუზერს სირიიდან ნიუ-იორკელი ადვოკატი გამოეხმაურა, რის შედეგადაც სირიელმა სამოქალაქო აქტივისტმა პოლიტიკური თავშესაფრი მიიღო.

ეს საიტი საშუალებას აძლევს ადამიანებს, საკუთარი უნარებით დაეხმარონ სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ და თავისუფალი წვდომა მსგავს რესურსებზე არ გააჩნიათ.

კომენტარები