კოლუმბია

კოლუმბიაში მთავრობამ და ამბოხებულმა მემარცხენეებმა 52-წლიანი ომი დაასრულეს

AP

52-წლიანი ბრძოლისა და 4-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კოლუმბიის მთავრობამ და მემარცხენე ამბოხებულმა ჯგუფმა FARC-მა (კოლუმბიის რევოლუციური შეირაღებული ძალები - სახალხო არმია) ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეირაღებული დაპირისპირების დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

"ომი დასრულებულია", - განაცხადა მთავრობის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა უმბერტო დე ლა კალემ.

მხარეებმა შეთანხმების მიღწევის შესახებ კუბაზე გამოცხადეს. 2012 წელს მხარეებმა მოლაპარაკებები სწორედ კუბაზე დაიწყეს. როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, კუბაზე ფიდელ კასტროს ლიდერობით მომხდარი კომუნისტური რევოლუცია იყო ამბოხებული მემარცხენეების მთავარი ინსპირაციაც. კოლუმბია კი, თავის მხრივ, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა ლათინოამერიკული ქვეყნებიდან.

ამბოხებულ მემარცხენეთაგან მთავარი მომლაპარაკებელი, ივან მარკესი კი ამბობს, რომ "შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა, ახლა კი იდეების დაპირისპირება დაიწყება".

კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება კოლუმბიის ახალი ისტორიის დასაწყისია. მისი თქმით, 2 ოქტომბერს ქვეყანაში პლებისციტიც ჩატარდება, სადაც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს კითხვას, ეთანხმებიან თუ არა მიღწეულ შეთანხმებას.

52-წლიან შეიარაღებულ დაპირისპირებას 220 000-ზე მეტი კოლუმბიელი შეეწირა, 5 მილიონზე მეტ ადამიანს კი, საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

კომენტარები