თბილისის მერია

ნოდია: შიმშილობით ბრძოლა ემოციური შანტაჟია

ქართულ პოლიტიკაში შიმშილობის ინსტიტუტზე უკიდურესად ნეგატიური აზრი ბოლოს მაშინ გამოვთქვი, როცა ამ ხერხს ირმა ინაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მიმართეს (ვიცი, ქალბატონი ირმა ამის გამო ძალიან, ძალიან გამიბრაზდა). ახლა, როცა ნატა ფერაძემ და შემდგომ, მისი თანამებრძოლმა (და ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა) მიმართეს ამ ხერხს, მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასევე რადიკალურად უარყოფითია. რაც მიუღებელია, ყველასგან მიუღებელია. სავსებით შესაძლებელია, თბილისის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ცუდად მუშაობდეს და გადადგომას იმსახურებდეს. მე ამას ვერ შევაფასებ, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი და გამეხარდება, თუ ის მთლიანად წავა. მაგრამ არც ეს პიროვნება, ნინო სულხანიშვილი, და არც არავინ სხვა არ უნდა გადადგეს იმის გამო, რომ ვიღაცა ამას შიმშილობის ფორმით მოითხოვს. იქნებ ის მოშიმშილე ცდება? რატომაა მისი აზრი უფრო სწორი მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ უკიდურეს ზომას მიმართავს? ჩვენი, ნორმალური ადამიანების შეხედულებებმა რა დააშავა, ვინც ასეთ რამეზე არ მიდის მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც მოხელის მუშაობა ძალიან არ მოსწონს? იქნებ არჩევნების მაგივრად შიმშილობებით ვიბრძოლოთ: ოპოზიციამ კოლექტიურად იშიმშილოს, სანამ მთავრობა არ გადადგება, მერე სხვა პარტიამ კონტრშიმშილობა გამოაცხადოს და ა. შ.? შიმშილობით ბრძოლა არის ემოციური შანტაჟი; ის არის უკიდურესად დოგმატური და არალიბერალური განწყობის გამოვლენა: ადამიანი არ ცნობს საკუთარი შეცდომის შესაძლებლობას და მისგან განსხვავებული აზრის ლეგიტიმურობას. მენტალურად, ეს თვითმკვლელი ტერორისტებისკენ მიმავალი გზაა (ისინიც ხომ "გმირები" არიან, როგორც ნატა ფერაძეზე წერდნენ ამ დღეებში, "გმირიაო"). თუმცა, ჩვენთან, საბედნიეროდ, არც მასეა საქმე. შიმშილობა, თავისი არსით, სიკვდილზე წასვლაა, მაგრამ ის შეიძლება ნიშნავდეს პერფორმანსს, ტყუილს, სიკვდილზე წასვლის გათამაშებას. საქართველოში ყოველთვის მეორე ვარიანტთან გვქონდა საქმე: ვიღაცა შიმშილობას იწყებს, მერე ექიმის ან პატრიარქის რჩევით წყვეტს. პოპულარული ტერმინით, ეს არის შიმშილობის სიმულაკრა. შიმშილობის იდეა გაბანძდა და კომიკური გახდა, ის ფანატიზმსა და ფარსს შორის ჩაიკარგა.

გია ნოდია საკუთარ Facebook გვერდზე

კომენტარები