არჩევნები 2016

ბასილაია: ენმ-ის დაკავებულ აქტივისტს საპირფარეშოში გასვლის საშუალებას არ აძლევენ

ტაბულა

ენმ-ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბექა ბასილაია, ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ენმ-ის აქტივისტს, ალექსანდე ადამიას, რომელიც ამ დრომდე სენაკის ნარკოლოგიურში იმყოფება, სამარტალდამცველები საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ.

"საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე დაყრდნობით ადმინისტრაციულად დაკავებული ალექსანდრე ადამია უარს აცხადებს ბიომასალის გაცემაზე და ამ წუთამდე იმყოფება სენაკის ნარგოლოგიურის შენობაში, სადაც შემოწმება ხდება. ამ დროს ამ ადამიანს გაუჩნდა ტუალეტში შესვლის ბიოლოგიური მოთხოვნილება და სამართალდამცავები მას ამის საშუალებას არ აძლევენ და მიდის ვაჭრობა: თუ ბიომასალას მოგვცემ ექსპერტიზისთვის, მაშინ შენ მოგაშარდინებთ, თუ არ მოგვცემ ბიომასალას, მაშინ ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ", - უთხრა ტაბულას ბასილაიამ.

რამდენიმე საათის წინ, ტაბულსათან საუბარში ბასილაიამ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქმიანობის შეფერხებისა და დაშინების მიზნით, ნარკოტესტირებაზე გადაიყვანეს.

EMC-ის იურისტის, გურო იმნაძის თქმით, თუ ადამიანი ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე უარს ამბობს მისი ნარკოლოგიურში დაყოვნება უკანონოა და არღვევს ადამიანის უფლებებს.

"ეს არის უკანონო პროცედურები, რომლებიც ხდება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მოხდება ადამიანის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა და დაკავებული უარს აცხადებს ბიოლოგიურ თუ ფიზიკურ ექსპერტიზის გავლაზე, მაშინ არანაირი საფუძველი არ არსებობს მისი დაკავების და შესაბამისად ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. თითოეული წუთი დროებითი მოთავსების იზოლატორში ან ნარკოლოგიურში გატარებული ამ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დაუსაბუთებლად ადამიანის უფლებების შეზღუდავად", - უთხრა იმნაძემ ტაბულას.

იმნაძის თქმით, თუ ადამიანს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლევა საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება და დაყოვნებულია ისეთ ნარკოლოგიურში, სადაც არ არის სათანადო პირობები და ეს ყველაფერი მის ფიზიკურ ან მორალურ შეურაცხყოფას იწვევს, ეს გარემოებები შესაძლოა წამების სტანდარტებსაც აღწევდეს.

"თუკი ამ ადამიანს არ აძლევენ საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში და ეს უკვე იწვევს ადამიანის ან ფიზიკურ, ან მორალურ ან ფსიქიკურ შეურაცხყოფას, ან თუ ამ ადამიანს მოათავსებენ ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სათანადოდ აღჭურვილი, ანუ არ არის გათვლილი იმისთვის, რომ იქ მოხდეს ადამიანის დაყოვნება, ყველა ეს გარემოება შესაძლებელია უკვე აღწევდეს წამების სტანდარტებს და ხარისხს", - აცხადებს იმნაძე ტაბულასთან საუბარში.

ტაბულა ალექსანდრე ადამიას ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისთვის საპირფარეშოთი სარგებლობის უფლების საკითხზე შსს-საც დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ საკითხს გაარკვევენ.

კომენტარები