არჩევნები 2016

ბასილაია: დაშინების მიზნით ენმ-ის აქტივისტები ნარკოტესტირებაზე გადაჰყავთ

ტაბულა

ენმ-ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბექა ბასილაია, ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცველებს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქმიანობის შეფერხებისა და დაშინების მიზნით, ნარკოტესტირებაზე გაადაჰყავთ.  

"ბოლო დღეების მანძილზე, ფოთის რაიონული სამმართველოსა და ადგილობრივი სუს-ის წარმომადგენლები კუდში დაყვებიან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს [ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ენმ-დან], აჩერებენ, გადაჰყავთ ნარკოლოგიურ შემოწმებებზე. დღეს იყო პიკი, დააკავეს ალექსი ადამია (ჩემი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი), არ მისცეს ჩემთან შეხვედრისა და კონსულტაციის შესაძლებლობა და პირდაპირ გააქანეს სენაკის ნარკოლოგიურში. მივედით სამმართველოში, გვიმალავდნენ, რომ დაკავებული შენობაში ჰყავდათ და არ მოგვცეს მასთან შეხვედრისა და კონსულტაციის საშუალება. პოლიციამ ის უკანა კარიდან გაიყვანა, მანქანაში ჩასვა და სენაკში წაიყვანა", - უთხრა ბასილაიამ ტაბულას.

დეპუტატობის კანდიდატი მომხდარში პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს.

"აქ არის ცალსახად პოლიტიკური მოტივაცია, მათ სურთ ჩვენი საქმიანობის შეფერხება, ჩვენი მომხრეების დაშინება, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ და ძალიან მწარედ მოხვდებათ ცხვირში 8 ოქტომბერს და ამ უკანონობის ჩამდენ პირებს ასევე მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება. მარიხუანის კრიმინალიზაცია დღეს სამართალდამცავი სისტემების მხრიდან გამოიყენება ოპონენტების დასაშინებლად, იმისთვის, რომ ახალგაზრდული ხმა ჩაახშონ, იმისთვის, რომ შეაშინონ ყველა ის ადამიანი, ვინც განსხვავებულად აზროვნებს და ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა დასრულდეს", - ამბობს ბასილაია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ბექა ბასილაია 11 აგვისტოს წარუდგინა.

კომენტარები