ე.წ. კანონიერი ქურდები

მღებრიშვილი გერლიანზე: ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს

ireporter.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოსაზრებით, უკრაინული მხარე ვალდებული იყო, დავით გერლიანის საქართველოში გამოძევების შესახებ ქართული მხარისთვის ეცნობებინა. მისივე თქმით, გერლიანთან დაკავშირებული შემთხვევა წმინდა წყლის პროვოკაციაა. ამასთან, გიორგი მღებრიშვილი აპირებს, გაასაჯაროოს ე.წ. კანონიერი ქურდების ვიზიტები საქართველოში 2006-დან 2012 წლამდე პერიოდში.

"ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო დეპორტი თუ გამოძევება ქვეყნიდან, უკრაინული მხარე ვალდებული იყო, საქართველოსთვის ეცნობებინა ამ ფაქტის შესახებ. ეს რომ პროვოკაცია იყო, მგონი, ყველასთვის დღესავით ნათელია. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, სხვას ვერაფერს დავარქმევ ამ ფაქტს, მაგრამ არაუშავს - რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდზე იდო ინფორმაცია, რომ ქართველი კანონიერი ქურდი იქნა გამოდეპორტებული უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში. ის არ ყოფილა დევნაში. მასზე არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. შესაბამისად, ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე და გუშინაც სხვადასხვა წყაროდან ითქვა და კიდევ გავიმეორებ, რომ 2006-დან 2012 წლამდე გავასაჯროებ კანონიერი ქურდების ვიზიტებს საქართველოში, შემოსვლას და გასვლას", - თქვა მღებრიშვილმა.

ე.წ კანონიერი ქურდი დავით გერლიანი (იგივე დათო სვანი) საქართველოში 19 ივნისს ჩამოვიდა. ის საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

კომენტარები