საქართველოს ეკონომიკა

2015 წელს საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციები 11%-ით შემცირდა

Reuters

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. გასულ წელს ქვეყანაში $1.56 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. ინვესტიციების კლება ეკონომიკის სექტორებზეც აისახა, მათ შორის, ენერგეტიკის, დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებზე. ინვესტიციების შემცირება 2015 წელს ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასთან ერთად ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

სექტორების მიხედვით შემცირება შეიმჩნევა ისეთ სექტორებში, როგორიცაა:

  • ენერგეტიკა - $124 მილიონი - 34%-იანი კლება 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $67 მილიონი - 67%-იანი კლება
  • მშენებლობა -$111 მილიონი - 64%-იანი კლება
  • უძრავი ქონება - $90 მილიონი - 35%-იანი კლება

ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში (+25%), სოფლის მეურნეობაში (+20%), საფინანსო სექტორსა (+35%) და ჯანდაცვის სექტორში (+80%)

ქვეყნების მიხედვით კი პირველ ადგილზე აზერბაიჯანია ($550 მილიონი), მეორე ადგილზე კი - გაერთიანებული სამეფო ($386 მილიონი)


ფოტო: საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც.

2015 წელს შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $3.3 მილიარდი. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი - $1.78 მილიარდი.

უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში საქსტატს რეინვესტიციებიც შეჰყავს, ეს ის თანხებია, რაც უცხოეთში რეგისტრირებულმა ქართულმა ბიზნესებმა გასული წლის მანძილზე რეინვესტიციის სახით საქართველოში დააბრუნეს. რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 9% მოდის. 

კომენტარები