ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ვაშაძე: "საკონსტიტუციო რევოლუციის" მცდელობა ორმხრივი იყო

BPN.GE

პოლიტიკური ბლოკის, "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი"-ს წევრ გიორგი ვაშაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ინიციატივების განხილვა დაიწყო. ვაშაძე ამბობს, რომ "საკონსტიტუციო რევოლუციის"  მცდელობა  ორმხრივი იყო - როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ხელისუფლების მხრიდან.

"მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინიციატივები იყო პარლამენტში წარმოდგენილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ორმხრივი საკონსტიტუციო რევოლუციის მცდელობა. პირველის მცდელობა იყო, რომ რამენაირად კანონი მოერგო ისე, რომ ეს მცირე წევრების რაოდენობას დიდი გავლენა ჰქონოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მეორეს მცდელობა იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია გამოეყენებინა მაქსიმალურად იმისთვის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოეხდინა. ამას შეიძლება "ორმხრივი რევოლუციობანას თამაში" დავარქვათ საკონსტიტიუციო სასამართლოსთან მიმართებით, რომელიც პრობლემური და საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის და არა მარტო მოსამართლისთვის ან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. მთავარია, რომ ეს კინკლაობა ანგრევს ინსტიტუციებს",- ამბობს ვაშაძე.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ორმა დეპუტატმა - პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულეს. მმართველი გუნდის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ. მათი მტკიცებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? იყო კონკრეტული მიზანი, კერძოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის...  ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ".

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და ოზურგეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "განცდა, რომ შესაძლოა, მზადდებოდა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, არ არის საფუძველს მოკლებული". თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემა მთავარში აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მზად არის რისკებისთვის". ამასთან, შს მინისტრის მოადგილე ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლაზე განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ სასამართლოს მიმართ გაჩენილი კითხვებიდან "ყურადღება გადაეტანა".

კომენტარები