ჯანდაცვა

საქართველო ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე გადადის, დეტალები რეფორმის შესახებ

eastsidefriendsofseniors.org

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ელექტრონული რეცეპტების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. ახალი სისტემის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების რეცეპტებს მათ პირად ნომერთან მიბმული ერთიანი ელექტრონული ბაზიდან მიიღებენ. ექიმები ჩაერთვებიან ამ ერთიან ელექტრონულ ბაზაში და თავიანთი პაციენტების პირად ანგარიშებზე შეავსებენ ელექტრონულ რეცეპტებს. მოქალაქეები აფთიაქებში წარადგენენ პირადობის მოწმობის ნომერს, რომელზეც ამ ელექტრონულ ბაზაში მითითებული იქნება, თუ რა მედიკამენტებია მათ სახელზე გამოწერილი. 

დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამის საპილოტე ვერსია 1 აგვისტოს გაეშვა და მასში ჩაერთვნენ ჯანდაცვის პროვაიდერი ქსელები, საოჯახო მედიცინის ცენტრები, ფარმაცევტული ქსელები და აფთიაქები. საპილოტე პროექტის ფარგლებში პროგრამაში არსებული ხარვეზები გამოვლინდა და დაიხვეწა. მინისტრის თქმით, ელექტრონული რეცეპტები ეტაპობრივად გავრცელდება ქვეყნის ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში. სისტემაში დარეგისტრირება კი ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი არგუმენტები სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ასე გამოიყურება:

  1. გაიზრდება პაციენტთა უსაფრთხო მკურნალობის დონე, რადგანაც განულდება ექიმთა მიერ მედიკამენტების დასახელების არასწორად ჩაწერის, ან გაურკვეველი ხელწერით ჩაწერის რისკები. 
  2. გაიზრდება პაციენტთა კომფორტის დონე. პაციენტებს აღარ მოუწევთ რეცეპტის ტარება-შენახვა, შესაბამისად ნულდება მისი დაკარგვის რისკები.
  3. იზოგება ექიმის დრო და იზრდება მისი კომფორტი. ექიმი წერს დანიშნულებას ელექტრონული სახით, ეს დანიშნულება კი ელექტრონულ ქსელში რეცეპტის სახით გენერირდება. 1 წუთის ვადაში შესაძლებელი იქნება პაციენტისთვის ძველი დანიშნულების გახანგრძლივება. ექიმებს რეცეპტის გახანგრძლივება დისტანციურად, სატელეფონო ზარით ან ელექტრონული წერილითაც შეეძლებათ. ექიმს შეეძლება დააკვირდეს, იღებს თუ არა პაციენტი მის დანიშნულებას, რაც ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
  4. შემცირდება ექიმის/სამკურნალო დაწესებულების ქაღალდის ხარჯი.
  5. გაიზრდება მედიკამენტთა მომხმარების აღრიცხვიანობა.

სისტემას გარკვეული ხარვეზებიც აქვს, მაგალითად, თუკი აფთიაქში შუქი არ არის, აფთიაქარი ელექტრონულ რეცეპტს ვერ ნახავს, რამაც გარკვეული ხარვეზები შეიძლება გამოიწვიოს. ქვეყანა პირდაპირ ელექტრონულ რეცეპტებზე არ გადადის, პარალელურად შენარჩუნდება რეცეპტების ტრადიციული სახეც.

რეფორმა რამდენიმე წელზეა გათვლილი, მას შემდეგ, რაც ყველა აფთიაქში, საავადმყოფოსა და ამბულატორიაში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ქვეყანა სრულად ელექტრონულ რეცეპტებზე გადავა.

რეცეპტების ელექტრონული ბაზის შემდგომ იგეგმება ადამიანთა ჯანმრთელობის ისტორიების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადატანა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული.

კომენტარები