ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

პაპუაშვილი: ცალკეულ მოსამართლეებს პროგრესული გადაწყვეტილებების გამო დევნიან

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ მათი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა. პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების დევნის რეალური მიზეზი ის გადაწყვეტილებებია, რომელებსაც ქართველმა და უცხოელმა დამკვირვებლებმა პროგრესული უწოდეს.

"ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნი გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია, ხოლო ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების, მათი დევნის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა დამკვირვებლებმა პროგრესულ გადაწყვეტილებებად და ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ინდიკატორად შეაფასეს. განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას", - წერია განცხადებაში.

პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საგანგაშოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეების პირადი ცხოვრების ასახველი ჩანაწერების გავრცელების განზრახვის შესახებ. მისი თქმით, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არა მხოლოდ აღკვეთოს ასეთი დანაშაულებრივი განზრახვა, თუ ის რეალურია, არამედ მიმართოს სათანადო ძალისხმევას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად.

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთდა საკმარისად ცხადი განცხადებები სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თითოეულმა ჩვენგანმა გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ", - ამბობს პაპუაშვილი.

ე.წ. კაბელების საქმის განხილვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებისა და საქმეების განხილვის თანმიმდევრობა, მხოლოდ სასამართლოს საქმეა და პოლიტიკოსების ჩარევის მცდელობა დაუშვებელი და სახიფათოა.

"ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასევე გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ერთი ნაწილი გეგმავდა ე.წ. საკონსტიტუციო გადატრიალებას და ამ მიზნით განზრახული ჰქონდა არჩევნების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რაც არჩევნების ჩაშლას გამოიწვევდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილე არცერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იყო არაკონსტიტუციური. შესაბამისად, თეორიულადაც კი, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილებას გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება" , - ამბობს პაპუაშვილი.

პაპუაშვილისვე თქმით, დღეს გავრცელებული განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ ქართულ საზოგადოებასა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ მათი მიზანი საზოგადოებისთვის "ნაციონალური მოძრაობის სახის" ჩვენებაა. განცხადებაში წერია, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ცდილობს.

კომენტარები