საკონსტიტუციო სასამართლო

მდინარაძე: ენმ-მ დაკარგა კონტროლი სასამართლოზე, ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან

მამუკა მდინარაძე
2030.news

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სარჩელების რეგისტრაციაზე მოსამართლეების განმარტება "თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსიაა". მდინარაძის განცხადებით, სარჩელებზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაუცემლობა აჩვენებს, რომ ენმ-მ დაკარგა კონტროლი სასამართლოზე სისტემაზე.

„უკვე რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან პასუხს იმ კითხვებზე, რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ. მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ სარჩელები კი არ შეიცვალა, არამედ ელექტრონული ვერსია წინასწარ დარიგდა, რომ მოსამართლეები სწრაფად გაცნობოდნენ საქმეს. ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია და დამეთანხმებით, რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია. ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაფერი ეს, უპასუხობა ამ კითხვებზე, ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე, რომ "ნაცმოძრაობამ" დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია. ბოლოდროინდელი განცხადებები და პოზიციები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება", - აცხადებს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე პოლიტიკოსების განცხადებებს 6 აგვისტოს გამოეხმაურა. კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი აცხადებენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაცია კანონის დაცვით, გამჭვირვალედ, პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლის თანაბარი ინფორმირებულობის პირობებში განხორციელდა. მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებების მიზანი, ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციაა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ. მათი მტკიცებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? იყო კონკრეტული მიზანი, კერძოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის... ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ".

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და ოზურგეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "განცდა, რომ შესაძლოა, მზადდებოდა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, არ არის საფუძველს მოკლებული". თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემა მთავარში აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მზად არის რისკებისთვის". ამასთან, შს მინისტრის მოადგილე ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლაზე განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ სასამართლოს მიმართ გაჩენილი კითხვებიდან "ყურადღება გადაეტანა".
 

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეიცვალა.

კომენტარები