გაჩეჩილაძე სებ-ზე: დროის ამბავია, როდის გადავა სესხების გაძვირება მომხარებელზე

არჩილ გაჩეჩილაძე
facebook.com/galtandtaggart

16 ივნისს ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის შედეგადაცკომერციულ ბანკებს ლარში სახსრების მოზიდვა გაუიაფდათ, უცხოურ ვალუტაში კი -გაუძვირდათ. საქმე ეხება კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომელთა ცვლილებითაც ეროვნულ ბანკს ამა თუ იმ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის გაზრდა/შემცირება შეუძლია. 16 ივნისიდან ლარში სარეზერვო ნორმა 10%-დან 7%-მდე შემცირდა, დოლარში კი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას დადებით ნაბიჯად არ აფასებს საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე. გაჩეჩილაძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არც ბანკებისთვის და არც მომხმარებლებისთვის სასიამოვნო ცვლილებას არ წარმოადგენს, რადგანაც ის დოლარში სესხებს აძვირებს.
 
"მე ვიყტოდი, რომ დოლარის დეპოზიტებზე რეზერვის გაზრდა აძვირებს დოლარის სესხებს ქვეყანაში და მას უძვირებს ყველა მსესხებელს. ეს არ არის სასიამოვნო არავისთვის რამდენად ეფექტური იქნება ეს პოლიტიკა დრო გვაჩვენებს. ფაქტი არის რომ ბანკებს გაუძვირდათ და ეს ჯერ გადავიდა თუ არა მომხმარებელზე ეს დროის ამბავია როდის გადავა, სხვანაირად არ ხდება. იდეა არის, რომ ლარში დაკრედიტება გაიზარდოს. თქვენ თუ გაგიძვირდათ დოლარში სესხი წახვალთ და ლარში ისესხებთ. დღეს უბრალოდ ლარში სესხი უფრო ძვირია ვიდრე დოლარში, მაგრამ განსხვავება თუ პატარა იქნება ალბათ მეტი ინტერესი გექნებათ ლარში ისესხოთ. ლარში გავაიაფოთ, რაღა დოლარში ვაძვირებთ",-ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
 
გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ლარისთვის ნდობის ამაღლების მისაღწევად ყველაზე ეფექტური ნაბიჯი გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის წარმოება იქნება. არჩილ გაჩეჩილაძის პოზიციას იზიარებს VTB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ კონცელიძე. ბიზნესკონტრაქტთან საუბარში კონცელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა დოლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით უფრო მეტად სადამსჯელო ინსტრუმენტს ჰგავს.
 
"სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც", - წერია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

კომენტარები