საკონსტიტუციო სასამართლო

სიჭინავა: ჩვენთან საქმე როდის გადაიდება და გადმოიდება, დიპლომატების საქმე არაა

ოთარ სიჭინავა
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ოთარ სიჭინავას თქმით, "დიპლომატების საქმე არ არის, ჩვენთან საქმე როდის გადაიდება და გადმოიდება". ტაბულამ სიჭინავას ჰკითხა, "თუ იყვნენ ელჩები ინფორმირებული იმაზე, რომ მაშინ, როდესაც მათ ხვდებოდით, ე.წ. კაბელების საქმის და გიგი უგულავას საქმეებზე დანიშნულ სხდომას აცდენდით".  

"მე რას ვაცდენ და რას არა, ეს თქვენი შესაფასებელი არ არის, ჯერ ეს ერთი. მეორე, სასამართლოს თავმჯდომარე გააფრთხილა რამდენიმე მოსამართლემ, როგორც ვიცი, ქალბატონმა ლალიმაც და ბატონმა ზაზამაც, რომ ჩვენ სხდომას არ დავესწრებოდით და მიზეზებიც დავუსახელეთ. დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, მასმედიას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშს ჩვენ არ ვაბარებთ. ქალბატონი ლალი აქტიურ კომუნიკაციაში იყო თავმჯდომარესთან პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რაც არ მოხდა. ამიტომ, სპეკულაციებს თავი დავანებოთ", - ამბობს სიჭინავა.

კითხვაზე, "ანუ ელჩებმა არ იცოდნენ?", საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პასუხობს, რომ "ჩვენთან საქმე როდის გადაიდება და გადმოიდება, დიპლომატების საქმე არ არის. ამას ჩვენ ვაგვარებთ და ჩვენი საქმეა ეს. რას, როდის და როგორ განვიხილავთ, მხოლოდ ჩვენი საქმეა".

აღსანიშნავია, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარასებობის გამო გადაიდო. მოსამართლეები ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა თბილისში დიპლომატებს შეხვდნენ და ამ მიზეზით, სხდომაზე არ მივიდნენ. შეხვედრას ორგანიზება თავად ოთარ სიჭინავამ გაუწია და ფართი სწორედ მან იქირავა.

კომენტარები