პრორუსული ძალები

პრეზიდენტი: პრორუსულ ძალებს აქვთ შანსი, ჰყავდეთ პარლამენტში წარმომადგენლობა

პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არც ერთი მანდატი არ დაიკარგოს. თუ არსებობენ ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი უნდა იყოს სხვანაირი, ასეთ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში. ეს არის აქსიომა. ეს არის დემოკრატია. ეს არის სხვა ადამიანების შეხედულების აღიარება მიღება. ეს ძალიან რთულია. მე ხშირად მესმის პროდასავლური ადამიანებისგან, რომ თქვენ უნდა მიიღოთ განსხვავებული აზრი, თქვენ პატივი უნდა სცეთ განსხვავებულ აზრს... მაგრამ როცა ლაპარაკია თუნდაც რუსეთზე, რუსული მუსიკის მოსმენაზე, რუსული პოეზიის, ლიტერატურის მიღებაზე, აქ ისინი აძლევენ თავს უფლებას, ეს აუკრძალონ. ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასეთია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ან მიაჩნია უფრო რუსეთისკენ, ან მიაჩნია უფრო აღმოსავლეთისკენ, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ ამის უფლება აქვთ. სხვა საკითხია, ვიქნები თუ არა მე, როგორც პოლიტიკოსი - დამარცხებული, ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე მოლოდინი მაქვს, რომ მათ ამის არავითარი შანსი არ აქვთ. მაგრამ რომ ჰყავდეთ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა - ამის შანსი არსებობს. მე ამის წინააღმდეგ არ წავალ. თუ ქართველებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური გზა, მე ვინ მომცა უფლება, ან რომელიმე პოლიტიკოსს, რომელი თავხედი ადამიანი უნდა იყოს, რომ ერის ნების წინააღმდეგ წავიდეს, და თქვას, მე უფრო პროგრესული ვარ და სხვა რამე მიმაჩნია სწორად. ჩემი საქმეა არა ის, რომ ვინმეს ავუკრძალო ასე ფიქრი, არამედ ის, რომ ვინც ორჭოფობს, ის დავაჯერო, რომ ეს არის კატასტროფული გზა. ეს არის ჩემი მისია და არა ის, რომ ვინმეს რამე ავუკრძალო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა არჩევანში.

კომენტარები