პრორუსული ძალები

ხიდაშელი: მიხარია, რომ გეგეშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

თინა ხიდაშელი
ტაბულა

თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს იმედი აქვს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის ფრაზა, მთავრობაში პრორუსული ძალების არსებობასთან დაკავშირებით, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

"მიხარია, რომ ის დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. არა მგონია, რომ საქართველოს რომელიმე ელჩი ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს. განსაკუთრებით, საქართველოს ელჩი აშშ-ში. იმედი მაქვს, რომ მას აქვს პასუხები ამ კითხვაზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა და ის ამას განმარტავს“, - ამბობს ხიდაშელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახა. გეგეშიძემ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ძალებზე რამდენიმე დღის წინ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

„გასაგებია მათი [პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების] არსებობა [ხელისუფლებაში]. ეს იმას ნიშნავს, რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა", - თქვა გეგეშიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩი არაკვალიფიციურად შეაფასა, ხოლო მისი განცხადება - არაკომპეტენტურად.

არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე ჩამოვიდა.

კომენტარები