პრორუსული ძალები

ჯანელიძე: გადაწყვეტილებას გეგეშიძის ახსნა-განმარტების შემდეგ მივიღებთ

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, არჩილ გეგეშიძის განცხადების თაობაზე სამინისტრო ახსნა-განმარტებას თავად ელჩისგან მოსმენს. მისი თქმით, უწყება გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„არჩილ გეგეშიძესთან დაკავშირებით სამინისტრო მიიღებს ახსნა-განმარტებებს ელჩისგან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით", - თქვა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მისი განცხადებების გამო თბილისში გამოიძახა. გეგეშიძემ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ძალებზე რამდენიმე დღის წინ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

„გასაგებია მათი [პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების] არსებობა [ხელისუფლებაში]. ეს იმას ნიშნავს, რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა", - თქვა გეგეშიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩი არაკვალიფიციურად შეაფასა, ხოლო მისი განცხადება - არაკომპეტენტურად.

არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე ჩამოვიდა.

კომენტარები